ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„არ მინდა შეუმჩნეველი დარჩეს რადიკალური ოპოზიციის ეს მორიგი სპეცოპერაცია მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მართალია, ის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ფართო საზოგადოებისთვის, მიუხედავად ილიაუნის ცალკეული წარმომადგენლების მცდელობისა, რეზონანსული ხასიათი მისცემოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ მაინც ვუპასუხოთ ამ ბრალდებებს. საუბარი მიდის ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის „დაპაუზებაზე“. მოვლენის არსში გასარკვევად საჭიროა მოკლე ისტორიული ექსკურსი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის კვლევითი პროგრამა 2022 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,3 მილიონი დოლარის გამოყოფით ამოქმედდა. თუმცა, მისი არსებობის რამდენიმე წლის განმავლობაში, პლატფორმის აკადემიური შინაარსი და ექსპერტული ანალიტიკა სრულად (!) აღმოჩნდა საქართველოს რადიკალურ ოპოზიციასთან და მის გარე ლობისტებთან აფილირებული სტრუქტურებისა და სპიკერების კონტროლქვეშ. ეს არის უტყუარი ფაქტი, რომლის უარყოფა ყველაზე ანგაჟირებულ სკეპტიკოსსაც გაუჭირდება.
ფაქტობრივად, სახელმწიფო სახსრებით, რადიკალური ოპოზიციის და მათი ლობისტების საკურატორო პატრონაჟით, შეიქმნა ჰიბრიდული მორიგი ზეწოლის საზღვარგარეთული ფორპოსტი, რომელიც „დამოუკიდებელი ამერიკული მეცნიერების“ აბრის ქვეშ მმართველი პარტიის სისტემურ დელეგიტიმაციაზე მუშაობდა. 2026 წელს პროგრამის შეჩერება ამ ძალების მიერ დაგეგმილი საინფორმაციო სპეცოპერაციის ფინალური ფაზა გახდა. პროგრამის ხელმძღვანელობა და მის ზურგს უკან მდგომი ლობისტური ჯგუფები დაგეგმილ და მიზანმიმართულ დემარშზე შეგნებულად წავიდნენ: მათ დემონსტრაციულად უგულებელყვეს საქართველოს განათლების სამინისტროს კანონიერი მოთხოვნები დეტალური ფინანსური ანგარიშგებისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესახებ.
ამერიკული მხარის განზრახ მოუქნელობამ და ვადების ხელოვნურმა გაჭიანურებამ შექმნა იურიდიული ჩიხი, რის გამოც თბილისის სახელმწიფო სტრუქტურები, საბიუჯეტო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ, ტრანშები გაეყინათ. ამ ტაქტიკის მიზანმიმართულობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელოვნური მახის შექმნაში მდგომარეობდა. დაფინანსებაზე კანონიერი უარის პროვოცირებით, ლობისტურმა ქსელმა მომენტალურად სინქრონიზაცია გაუკეთა ოპოზიციურ მედიარესურსებს და დეზინფორმაციის ტალღა ააგორა, პროცედურული შეჩერება წარმოაჩინა, როგორც „თბილისის თავდასხმა ჰარვარდზე“ და „აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭება“.
ფაქტობრივად კი, ამ პროგრამას აიძულეს „კამიკაძის“ როლი შეესრულებინა: ის გამიზნულად და ცივი გონებით გაწირეს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობის დისკრედიტაციისთვის ხმაურიანი საინფორმაციო საბაბი მიეღოთ. შედეგად, რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა კურატორებმა ორმაგი ამოცანა გადაჭრეს. ერთი მხრივ, მათ თბილისი საინფორმაციო ორჭოფობაში მოაქციეს და საკუთარი საბიუჯეტო სამართლის დაცვის გამო თავისმართლების რეჟიმში ჩააყენეს, ხოლო მეორე მხრივ, შექმნეს მორიგი ხელოვნური საბაბი ბრალდებებისთვის, თითქოს ხდება „საქართველოს თვითიზოლაცია“. სამეცნიერო კვლევები და ქართველოლოგიის ინტერესები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში უბრალოდ სახარჯ მასალად იქნა გამოყენებული.
ასე რომ, ყოველ მორიგ ჯერზე, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში გახსნილ ახალ ფრონტზე, როგორც მინიმუმ, ბრძოლის მიმდინარეობის კომფორტულ პირობებზე იმედი ნურავის ნუ ექნება: საკუთარ დაგებულ ნაღმზე თვითაფეთქების გარანტიას ვიძლევით ის ძალები, რომლებიც ობიექტურად ერკვევიან ნებისმიერ, რთულად გამოჩენილ ვითარებაში. დეზინფორმაციის ძირითადი მიზანი: ეს ხელისუფლება ქართველოლოგიის კვლევებს აჩერებს და, შესაბამისად, „რუსები“ არიან, ხოლო მეცენატი ივანიშვილი პროგრამას „არ აფინანსებს“ და, შესაბამისად, „რუსია“, შეუნახეთ თქვენს ერთუჯრედიან „ბაბლს“. გამოდით, „დაგასტუკეთ“ – ბუჩქებიდან ყურები გიჩანთ“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
