ჰაკერული ჯგუფი ShinyHunters-ი აცხადებს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაკანსიების ვებგვერდზე კიბერშეტევა განახორციელა და დიდი მოცულობის მონაცემებზე მოიპოვა წვდომა.
ჰაკერების მტკიცებით, მათ დაახლოებით 2 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია მოიპარეს, მათ შორის FBI-ის თანამშრომლებისა და სამსახურში კანდიდატების პერსონალური მონაცემები.
ჯგუფის განცხადებით, მოპარულ ინფორმაციაში შესაძლოა შედიოდეს სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და საცხოვრებელი მისამართები.
კიბერშეტევის შემდეგ FBI-ის ვაკანსიების ვებგვერდი დროებით მიუწვდომელი გახდა. თავად უწყებამ დაადასტურა, რომ საიტზე არასანქცირებული აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და მომხდარს იძიებს.
ამასთან, ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დადასტურებულა ჰაკერების მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია და არც ის, რომ მათ FBI-ის შიდა სისტემებიდან სრულად შეძლეს მონაცემების მოპოვება.
ShinyHunters-ის განცხადებით, FBI მათი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც უწყებამ ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გაავრცელა.
