წყალტუბოს პოლიციის უფროსის რევაზ ქობულიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2016 წლის 8 ივნისს, ქალაქ წყალტუბოში, 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან – 1979 წელს დაბადებულ კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი ოპერატიულად დაადგინეს. დაკავების ოპერაციის დროს, თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას, ასევე, დაიჭრა თავად თავდამსხმელი.
ამ დროისათვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები – 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა.
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
წყალტუბოს პოლიციის უფროსის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
2016/06/08 20:57:20
კომენტარები
ნანახია: 1697 ჯერ