ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებული მოძღვრისგან ისეთი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა, რასაც სასულიერო პირი საიდუმლოდ ინახავს და ამ ყველაფერზე მამა გიორგი საბოლოო სიტყვაში ისაუბრებს.
ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის და ასევე, საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებული ისარგებლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, დეკანოზი საბოლოო სიტყვისას ე.წ. ციანიდის საქმის გარდა სხვა გარემოებებზეც ისაუბრებს, მათ შორის იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ საქმის უკან.
„მამა გიორგი დეტალურად ისაუბრებს იმაზე, რომ არგუმენტაცია თითქოს შორენა თეთრუაშვილი მისთვის იყო ბარიერი კარიერული წინსვლისთვის, აბსურდია, ვინაიდან ის საერო პირია. საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ შეიძლება, სავარაუდოდ, იდგეს ამ ყველაფრის უკან, რაც მიმართულია პირდაპირ მამა გიორგის წინააღმდეგ. ჩვენი მხრიდან ასევე იქნება საუბარი იმ კანონდარღვევებზე და აბსურდულ მტკიცებულებებზე, რომელიც ვითომდა კანონის დაცვით მოიპოვა გამოძიებამ. ასევე მივუთითებთ იმაზე, რომ აქ პირდაპირ ჩანს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ამ საქმეში ძალიან ცუდი ფორმით, როგორც ამას საქმის მასალები გვამცნობს. საუბარი იქნება იმაზე, თუ რას ითხოვდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება მამა გიორგისგან ინფორმაციის თვალსაზრისით. რატომღაც გადაწყვეტილება იყო, რომ ე.წ. კრიტიკული კითხვები იმ საიდუმლო ინფორმაციებს შეხებოდა, რასაც სასულიერო პირები, როგორც სულიერი მოძღვრები ფლობენ. ამ კითხვებზე მამა გიორგიმ არაფერი უპასუხა და ვერც ვერანაირ პასუხებს ვერ მიიღებდნენ“, – განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დეკანოზის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.
„თუ საქართველოში მართლა არსებობს დამოუკიდებელი, ობიექტური მართლმსაჯულება, უნდა იყოს გამოტანილი აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება კატასტროფა, იმიტომ, რომ მთელი რიგი კონვენციებია დარღვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და ნამდვილად არ მინდა, სანდრო გირგვლიანის საქმის მსგავსი სარჩელის წარდგენა მოგვიწიოს სტრასბურგში. ეს იქნება ყველანაირად სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ სტრასბურგი დაგვჭირდა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მკვდარია“, – განაცხადა რამიშვილმა.
