დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
