ქუთაისში დღეს სოციალური საცხოვრისი გაიხსნა. ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს ოთახის გასაღებები გადაეცათ.
80-ზე მეტ ოჯახს დღეს ბინის გასაღები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა. სოციალური საცხოვრისი რომელიც 350- მდე ადამიანზეა გათვლილი ქუთაისის მერიის დაფინანსებით შეიქმნა.
პროექტი უპრეცედენტოა. ის ქუთაისის მერიამ 2016 წელს დაიწყო. თავშესაფარი მუნიციპალურია და უსახლკაროებზეა გათვლილი. დღეს დაიწყო შესახლების პირველი ეტაპი ,რომელიც დაახლოებით 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.
საბოლოო ჯამში სოციალური საცხოვრისით ქუთაისში რეგისტრირებული 350 ადამიანი დაკმაყოფილდა, 30 ჭერის არმქონე ადამიანს კი ფართი უპირობოდ ყოველგვარი შეფასების გარეშე გადაეცა. შეფასების წესის საფუძველზე , არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი გაკეთდა 57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე. ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით შესახლდებიან. 5 წლის შემდეგ კი მათი მდგომარეობა გადაიხედება.
,,ჩვენ განვახორციელეთ ერთ-ერთი ძალიან ამბიციური და საჭირო, სოციალური პროექტი. 2014 წლიდან ეს თვითმმართველობის კომპეტენციად განისაზღვრა და ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრი ოჯახი საჭიროებდა დახმარებას რადგან მათ არ ქონდათ სახლი. თვითმმართველობამ ფაქტობრივად სამ წლიანი პროექტი განახორციელა, რადგან ძვირადღირებულია დროებითი საცხოვრისის შექმნა და ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა. ჩვენ პირველ ეტაპზე შევძელით რომ 80 ოჯახისთვის შეგვექმნა სოციალური საცხოვრისი, რომელიც არის სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე ყველა პირობა არის იმისთვის რომ ადამიანებმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს. ჩვენ ვგეგმავთ რომ შენობის ადმინისტრირება მოვახდინოთ, რადგან სოციალური საცხოვრისი დროებითი საცხოვრებელია და მას ყურადღება ესაჭიროება. ეს არის დასაწყისი, რა თქმა უნდა 80 ოჯახით პრობლემა ვერ შემოიფარგლება, მაგრამ ეს ასევე არის ძალიან სერიოზული განაცხადი რომ 350 ადამიანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. დარწმუნებული ვარ პროექტი გაგრძელდება. “-განაცხადა შოთა მურღულიამ.