კახა კალაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურის გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრობს. კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორია:
“მე არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. წინასაარჩევნო დებატების დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს შეკითხვა და ჩემი პასუხი იყო, რომ თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და “ქართულ ოცნებას”, დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია”, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.
„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებით, თუ რამდენად იყო მათი ნება თავისუფალი და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.