22-23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანელიძე ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრს, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველს პრინც ალიოს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.
23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას.
მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა
2016/06/22 10:45:07
ნანახია: 1622 ჯერ