მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, დილის 08:00 საათზე თემირლან მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა მეოთხედ ვეღარ მოხერხდა, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, ყველა მის ახლობელს მივუსამძიმრო და ჩვენი კლინიკის სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ, შუადღის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს მესამე ეპიზოდი იყო. სამჯერვე სარეანიმაციო ღონისძიებებით გულის მუშაობის აღდგენა მოხერხდა. თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.