ღამის კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატი, დავით კორკოტაშვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა.
როგორც კორკოტაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლილიყო.
მისი თქმით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები და დაზიანების ხარისხის განმსაზღვრელი არანაირი დოკუმენტი არ არის საქმეში.
„პოლიციელის დაჭრაში თამაზ ქვლივიძეს ბრალი არ მიუძღვის. გამოძიება არ ედავება მას, რომ მან პოლიციელი დაჭრა, მით უფრო დანით. შესაბამისად, ჩვენს გაკვირვებას იწვევს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ქალბატონი ნათია მეზვრიშვილის განცხადება, რომ თითქოსდა პოლიციელზე განხორციელდა დანით თავდასხმა. საიდან მოიტანა მინისტრის მოადგილემ ეს ინფორმაცია? – საქმის მასალებში ეს არ არის. კატეგორიულად ვაცხადებ – პოლიციელი არის თუ არა დაჭრილი ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, რადგან საქმეში ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს – არც სამედიცინო ცნობა, არც ფოტოგრაფია დაჭრილის სხეულისა, არც ექსპერტიზის დასკვნა და რის საფუძველზე აცხადებს საერთოდ შსს, რომ პოლიციელი დაიჭრა“ – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, პოლიციელი გამოკითხულია და ჩვენებაში აცხადებს, რომ მან მიიღო დაზიანება ხელზე.
„თუმცა არ არის დადგენილი რა სახის დაზიანებაა. არავინ, არც ერთი თვითმხილველი არ ამბობს, რომ ის იყო პოლიციის ფორმაში. ღამის 4 საათზე თუ ხუთ საათზე პიროვნება პოლიციელი იყო თუ ვინ იყო, როგორ შეიძლება სცოდნოდა ბრალდებულს ან სხვა პირს. განვმარტავ, რომ ზვიად მესხი და ეს პოლიციელი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, ეს პოლიციელი ხშირად აკონტროლებდა „ბასიანის“ ტერიტორიაზე უსაფრთხოებას და მან იცოდა რომ ის პოლიციელი იყო. რაც შეეხება მესხის დაზიანებას და მეორე დაცვის თანამშრომლის დაზიანებას დაბეჯითებით მინდა მოგახსენოთ, როდესაც ადამიანი არის დანით დაჭრილი სამედიცინო ცნობა არ უნდა ჩაიდოს საქმეში ? –რა დიაგნოზია და ა.შ. არც მათი სხეული დათვალიერების ამსახველი რაიმე მოწმობაა ჩადებული, არც ფოტოსურათები. მე, როგორც ადვოკატი დაბეჯითებით ვამბობ, რომ თუ ვინმე არის დაჭრილი ამის ამსახველი მასალა საქმეში არ არის. თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდოდ, მესხის თავზე ნაკერებიან ფოტოს.
საქმეში არ არსებობს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება იგი დუმილის უფლებას იყენებს დაკავების თანავე. შესაბამისად ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ეყრდნობა დაზარალებულებს და დაცვის სხვა თანამშრომლებს. .პირველ რიგში პროკურატურასთან გვაქვს სერიოზული პრეტენზიები. როდესაც ადამიანს ბრალს უყუენებ და ეუბნები, რომ შენ ჩაიდინე –სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ან მსუბუქი დაზიანება – ეს ისაზღვრება ექსპერტიზის შედეგად, ჩვენ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნები არ არის. მოსამართლემაც თქვა, რომ სავსებით მართებულია ადვოკატების მითითებაო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მძიმე ხარისხის დაზიანებები იქნებაო, ვინაიდან ჭრილობები თავის არეშია მიყენებულიო.
მოსამართლემ დღეს ბრალდებული იმ არგუმენტით დააპატიმრა, რომ უთხრა ვიცი კარგი ოჯახის შვილი ხარო, პიროვნების მიმართ პრეტენზია არა მაქო, მაგრამ კლუბში ისეთ პიროვნებასთან ერთად იყავით მისული, რომ არა ერთხელ არის ნასამართლევიო. ამიტომ მე მნიშვნელობას ვანიჭებ ვისთან მეგობრობო“ –აცხადებს ადვოკატი.