გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსთავი-2-თან ინტერვიუში არაორაზროვნად დააანონსებულ საპრეზიდენტო კამპანიას ქართული ბიზნესი არ და ვერ დააფინანსებს, რადგან იგი ნდობას არ იმსახურებს.
„მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიას, რომელიც რუსთავი ორის ეთერში არაორაზროვნად დააანონსა, ქართული ბიზნესიდან დამფინანსებელი არ და ვერ ეყოლება, ეს გამორიცხულია. კაცს, რომელმაც გაპრეზიდენტების მეორე დღესვე აბსოლუტურად უმიზეზოდ გადააგდო გუნდი, გუნდი, რომელმაც ამდენი რესურსი – ადამიანური და მატერიალური – ჩადო მასში და ფაქტიურად ხელში აყვანილი გააპრეზიდენტა, აწი არავინ ენდობა, მითუმეტეს – რისკების ისე მკაცრად შემფასებელი ხალხი – როგორც ბიზნესმენებია ზოგადად“,-აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ორი ალტერნატიული წყარო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკანონო შეწყალებებია:
„რჩება ორი პოტენციური წყარო: მიშა სააკაშვილი და შეწყალება. დაუძლეველ ვეტოებს რომ აცხობდეს, ალბათ ამასაც პოტენციურ წყაროდ ჩავთვლიდით, მაგრამ მკვლელების, ყაჩაღების და ნარკორეალიზატორების ციხიდან გამოშვებისგან განსხვავებით, მისი ვეტო ორდღიანი ფშიკია და ამაში ფულს არავინ გადაიხდის – ამიტომ გამოვრიცხოთ. რჩება ორი პოტენციური წყარო – კორუფციული შეწყალებები, რომელიც ადრე თუ გვიან თავს არ დამალავს და სახსრები, რომელსაც მისთვის მოიძიებს ან საქართველოდან ნაძარცვი ფულით შეაკოწიწებს მიშა“,– აცხადებს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე.