საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე დაინტერესდა ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში.
მისი თქმით, ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. „საქართველოს პრეზიდენტმა მთხოვა შეხვედრა, მოვედი. პრეზიდენტი დაინტერესდა ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში, კერძოდ, არის თუ არა უზრუნველყოფილი კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული უფლებები. ვესაუბრე პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა გრანდიოზული რეფორმები და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამაზე არაერთხელ ისაუბრეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში. თავად ამ პატიმრებსაც არასდროს გაუკეთებიათ განცხადება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია, რომ რაღაც დოზით მათი უფლებები ირღვევა ჩვენ პენიტენციურ სისტემაში“, – აღნიშნა კახიშვილმა.