საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.
„მინდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მივმართო, რომ ვფიქრობ, დროა შავი „ჯიპების“ ეპოქა დავასრულოთ საქართველოში, იმიტომ რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, არ დაგიმალავთ და მეც. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, რომ საუბარი იქნება ავტო პარკის შეცვლაზე.
ჩვენ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ვფიქრობ, დროა, გადავიდეთ, პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი „ჯიპით“ უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა, ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ სხვებიც მოგვბაძავენ.
არ ვიცი, თუ სადმე არის, როცა სტუმრებს ვხვდებით, მე მქონდა დაცვის ხელმძღვანელთან საუბარი, დელეგაციების დახვედრისას თუ ამას ეტიკეტი მოითხოვს, ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ. სხვა არცერთი შემთხვევა ჩემთვის არ იქნება მისაღები.
მგონია, რომ ეს შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ, არ მგონია, რომ უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით სარგებლობა. ჩვენ თანდათან უარი უნდა ვთქვათ შავი დაბურული„ ჯიპებით“ სარგებლობაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.