ძალიან მნიშვნელოვანია უყუროთ რუსულ პოლიტიკას და იცოდეთ, რაზე ფიქრობენ თქვენი მოწინააღმდეგეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, სტრატეგიულ დისკუსიაზე “ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა” განაცხადა.
“ოკუპაციის ხაზს რაც შეეხება, მე მგონი, დათა პაპა რამდენ პრეზიდენტსაც იცნობს და რამდენი პრეზიდენტი მყავს მიყვანილი იმ საოკუპაციო ხაზთან, ამდენ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ჩემს გარდა, შეიძლება არ იცნობდეს და როგორ მეუბნებით, რომ უყურადღებოდ არის ეს მიტოვებული და არ ხდება აქცენტის გაკეთება?! ჩვენ ვერ გაგვტეხენ ამ ნაწილში”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვუსმინოთ და ვუყუროთ რუსულ პოლიტიკას, ვიცოდეთ, რაზე ფიქრობენ რუსი პოლიტიკოსები და რა პროპაგანდა აქვს მოსკოვს.
“არაფრის დიდებით არ გეგონოთ, რომ რუსებს არ უნდა უსმინოთ, პირიქით, უნდა იცოდეთ, რაზე ფიქრობენ. რუსების მთავარი მცდელობა არის გვითხრან, რომ თქვენ შეეჩვიეთ, ეს არის რეალობა… მათ იციან, სად დაგვარტყან. გუშინ მოხდა რატიფიკაცია შეთანხმებების – რატომ აკეთებენ ამას? რატომ მოაწყვეს 2014 წლიდან დაწყებული იმიტაცია “სახელმწიფოთაშორისი” ხელშეკრულებების ოკუპირებულ რეგიონებში, მერე რატიფიკაცია, მერე კიდევ ერთი ეტაპი? იმიტომ, რომ იქ აქვთ წაგებული, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ჰქვია. რატომ გვივლებენ ახალ მავთულხლართებს ყოველდღიურად, ერთ დღეში ვერ გაავლებენ? – იმიტომ, რომ გაგვტეხონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, რომ ჩვენ შევეჩვიოთ. ამიტომ რუსებს კარგად უნდა სწავლობდეთ და იცოდეთ, რას ფიქრობს თქვენი მოწინააღმდეგე და ყოველთვის დაუპირისპირდეთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.