გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობის მისჯა საკმარისი არ არის და მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, არავის მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება.
„უკვე კარგია, რომ რაღაც რეაქცია მოჰყვა ამ საზარელ მკვლელობას, თუმცა სამწუხაროა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე. ეს არის ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. როგორი დე ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას, ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკველელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, შინაპატიმრობა არ არის საკმარისი, მაგრამ კარგია, როცა რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს. იმედია, ადეკვატურები იქნებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ განუცხადა.
მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.