საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის დაწყებული სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სადმე, რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. დამიჯერეთ, იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ან ამოძრავებთ ვიწროპარტიული ინტერესები, ან ისინი უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან.
თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი, ასევე მიგრანტთა მიერ ჩადენილი დანაშაული ეს არ არის ახალი საკითხი ევროპისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები მუშაობენ პარტიორ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან. როდესაც შსს-ში ვმუშაობდი, მაშინაც გერმანელ კოლეგებთან გვქონდა ნაყოფიერი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.