თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ “თერგში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების შესახებ ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დაზარალებული არიან როგორც სავაჭრო ცენტრის მფლობელები, ასევე მოიჯარეები. მისივე თქმით,გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები
დედაქალაქის მერის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოძიების დასრულებისთანავე დაიწყება, მანამდე კი მოიჯარეებს ალტერნატიული ფართები გამოეყოფათ.
“დაზარალებულია ორივე მხარე, როგორც მოიჯარეები ასევე სავაჭრო ცენტრის მფლობელები.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ გუშინვე დაიწყო შეხვედრა მოიჯარეებთან, რათა დეტალურად მოხდეს გავლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების.
საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს ფუნქციონირება სავაჭრო ცენტრმა.
იმ ადამიანებს, ვისაც გადაურჩა საქონელი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს, რათა დამწვარი ცენტრის აღდგენამდე შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა,“- განაცხადა კახა კალაძემ.