პეტიციამ ევროკავშირის წევრობაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე ბრიტანეთში უკვე 2 მილიონზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. იმისთვის, რომ ინიციატივა განსახილოველად პარლამენტს წარედგინოს ასი ათასი ხელმოწერაა საჭირო, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოთხოვნას ორი მილიონ 32 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. როდის განიხილავს პარლამენტი ამ ინიციატივას ჯერჯერობით უცნობია.
კიდევ ერთი პეტიცია ლონდონის მერის ვებგვერდზე გაჩნდა. ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებლები მერისგან ლონდონის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლას და ქალაქის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას მოითხოვენ. პეტიციას უკვე 150 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
ბრექსიტის რეფერენდუმზე ლონდონის მოსახლეობის უმეტესობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ამ ფონზე ქალაქის მერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოითხოვს.