საქართველო საპატრიარქო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილაი მეორესთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა.
„ა.წ. პირველ მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.
ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად“,– აღნიშნულია განცხადებაში.