საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების, რომან გოცირიძის და სერგო რატიანის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების „გაშავება”, რომელიც პირველ არხზე მიმდინარეობს.
„ბატონო რომან, ბატონო სერგო, მგონია, რომ საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავთ შეცდომაში იმის გამო, რომ ხედავთ, რა პროცესები მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული სამართლებრივი ბაზის შეცვლიდან, დასრულებული იმ რეფორმებით, რაც ნამდვილად მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. მგონია, თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ და სწორედ ამიტომ მოდის ასეთი დარტყმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მორჩება მაუწყებლის რეფორმირება, საზოგადოებას მეტი შანსი გაუჩნდება, მიიღოს მეტი ობიექტური ინფორმაცია, იყოს მეტად დაბალანსებული და მიიღოს უფრო კარგი ინფორმაცია, ვიდრე ზოგ–ზოგიერთი არხი, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ. სირცხვილია იმ ჭორებზე აყოლა, რაც მე მოვისმინე „რუსთავი 2″-თან მიმართებით. რაღაც ფოტო დაიდო და მათი კომენტარია, თითქოს ამ ფოტოზე რაღაც საიდუმლო შეხვედრაა აღბეჭდილი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება მივა ბოლომდე, რაც არ უნდა საპირისპიროს ეცადოთ თქვენ”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.