პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებთან კავშირი არათუ გავწყვიტოთ, არამედ უნდა გავააქტიუროთ.
ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწეოდა.
„ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვების უკან კონკრეტული საგზაო რუკის თაობაზე მოსაზრებები დევს, რომელიც საშუალებას იძლევა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებთან კავშირი არათუ გავწყვიტოთ, არამედ გავააქტიუროთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზებისა და ოსების საკმაოდ დიდი რაოდენობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. ესეც რესურსია, რომელიც ურთიერთობებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწევა.
პოლიტიკურად სწორი ხედვა გვაქვს, რომელიც სტრატეგიულად შედეგზეა გათვლილი. საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარია, ქართულ მხარეს სწორი პოზიცია, სწორი ხედვა და ამ ხედვას მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს. როგორ განვითარდება შემდეგ პროცესები, ამას მუშაობა სჭირდება და არა წამოყვირებები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივად გონივრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით მიმართა.