არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით, ეს იქნება, სავარაუდოდ, ასზე მეტი ადგილი პარლამენტში, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლევის შედეგებს, რომელიც GFK-მ “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბევრი ასეთი კვლევა გამოქვეყნებულა და არჩევნებზე სხვა შედეგი დამდგარა.
“ჩვენ ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და გვინახავს განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. არჩევნები წინ არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული არჩევნები, მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ის არჩევნები ნამდვილად ვერ შეფასდება დემოკრატიულად, მისი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სადაც იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციასა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს მოსახლეობა რასაც გადაწყვეტს, იქნება ის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კვირაკიშვილის თქმით, საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევაა პოლარიზაციის დაძლევა. როგორც მან აღნიშნა, ამ გამოწვევას მთავრობა მაქსიმალურად გაუმკლავდება.
“საერთოდ, საქართველოში არანორმალურია, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით. მგონია, რომ ეს ოდესღაც უნდა დამთავრდეს და ამ პოლარიზაციას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ. ეს არის ევოლუციური საკითხი და ერთ დღეში გადასაწყვეტი არ არის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი – არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით, ეს იქნება, სავარაუდოდ, ასზე მეტი ადგილი პარლამენტში
2016/06/28 15:31:46
კომენტარები
ნანახია: 1681 ჯერ