კონსტიტუციონალის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება პირობითად ორ ნაწილად გავყოთ:
„პირველი – თავად „ნაციონალები“, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესაში იმყოფება, ყველაფერზე წავა, რადგან ის ქვეყნიდან არის წასული და საქართველოს მოქალაქეც არ არის. მისთვის პრობლემა არ არის, ვიღაცამ აქ ბუნტი მოაწყოს და მერე თვითონ გამარჯვების გვირგვინი დაიდგას. მეორე – გიგა ბოკერია, ალბათ, ყველაფერზე არ წავა. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაშიც რომ იყო, მაშინაც ვერ წავიდა ყველაფერზე, თანაც „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ წავიდა“ – განაცხადა ძაბირაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებაში მხარდაჭერა რომ არ აქვთ, „ნაციონალები“ ამას გრძნობენ.
„ხმამაღლა რომ არ საუბრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გრძნობენ, ნამდვილად გრძნობენ, თანაც ადამიანი, რომელსაც პროცესების რეგულირება და დაგეგმვა შეუძლია, ვგულისხმობ ადეიშვილს, უკრაინასაც ჩამოშორდა და თავისთვის არის ჩუმად.
ბოკერიაც ჭკვიანი კაცია, ანალიზის უნარი აქვს და მშვენივრად იცის, რა ფარგლებში უნდა ჩაეტიოს. გიგა ბოკერია არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ხელისუფლებას დაპატიმრების საფუძველი მისცეს. დღეს მე „ნაციონალებში“ ვერ ვხედავ ისეთ კაცს, რომელიც თავის თავზე აიღებს, მაგალითად, ადრე გავრცელებული ფარული ჩანაწერების იდეის ორგანიზებას. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ეს გახდეს დაპირისპირების მიზეზი. რა თქმა უნდა, ბოკერია მომხრე იქნება, რომ სიტუაცია დაძაბოს, მაგრამ მართვადი დაძაბვის მომხრე იქნება და არა – ქაოსურის. ხიფათი „ნაციონალებში“ კი არ არის, მე სახიფათოს უფრო სხვაგან ვხედავ, რომ ამ პატარა დაძაბულობაში სხვა ლოკომოტივი ჩაებას და ამით ისარგებლოს“ – აცხადებს ძაბირაძე.