ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წერია, რომ „შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს წინადადებების პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას.
“ეს ზომები დაეხმარება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საჭიროებათა დაკმაყოფილებას და გაზრდის გადაადგილების, გაუმჯობესებული ცხოვრების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები კიდეც ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა.
პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ინიციატივა სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება: ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა-ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.