ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც სამიზნე, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგიაში არ განიხილება.
აღნიშნულ თემაზე, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა 2030-ში ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოსთან საფრთხე მოახლოებულია, რადგან ჩვენ ყველაზე მძიმე გეოპოლიტიკურ რეგიონში ვართ, რომელიც ტერორიზმში დუღს.
„მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგიაში არ განვიხილებით, როგორც სამიზნე. ჩვენ შესაძლოა, იარაღის ტყვია-წამლისა და ტერორისტული ჯგუფების გადაადგილების სატრანზიტო დერეფნად განვიხილებოდეთ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დერეფნიდან სამიზნემდე ერთი ნაბიჯია. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ისეთი ინტენსიური არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სერიოზული ინტერესი აქვს, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილო კავკასიაში მეტი შეღწევა ჰქონდეს, პროცესი შესაძლოა, უფრო ინტენსიური გახდეს”, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, გარკვეულ ქართულ ექსტრემისტულ ჯგუფებს კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, რომლებიც სირიაში და სხვა ქვეყნებში იბრძვიან.
„საქართველოში არის ქართული ექსტრემისტული ჯგუფები, რომელთა ცენტრი, მაგალითად, ოდესაშია დაბანაკებული. მათ აქვთ შეხვედრები და საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც სირიაში და სხვაგან იბრძვიან. მათი კონტაქტები აუდიო-ვიდეო დონეზეა დაფიქსირებული. იქ ძალიან ბევრი კავკასიელი იბრძვის და ისინი წამყვან პოზიციებზე არიან. მათთან სააკაშვილის დროინდელი კუდი-სა და სოდ-ის ხალხს აქტიური კონტაქტები ჰქონდათ და დღემდე აქვთ. იმ ხალხს, რომლებიც შემდგომ სირიაში გადაადგილდებოდნენ, საქართველოში გია ლორთქიფანიძე და სხვები კურირებდნენ.”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ირაკლი ბათიაშვილის სკანდალური განცხადება
2016/06/30 10:38:35
კომენტარები
ნანახია: 6342 ჯერ