იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი პრეზიდენტი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შევა. მისი თქმით, საკითხის ასე გადაწყვეტა სახელმწიფოსთვის ფინანსურადაც მნიშვნელოვანია.
“ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც თავის დროზე ბატონი გიორგი მარგველაშვილის იდეების საფუძველზე და მისი მონაწილეობით გარემონტდა და მომზადდა, უნდა ამოქმედდეს, რადგან ეს იყო რეზიდენცია, რომლის მომზადებაშიც მან პირადი წვლილი შეიტანა. ეს რეზიდენცია მზადდებოდა ახალი არჩეული პრეზიდენტისთვის. თუმცა, მოგვიანებით, ყველას სიურპრიზად, მან უარი განაცხადა ათონელის რეზიდენციაში შესვლაზე.
დღემდე სახელმწიფო ინახავს ათონელის რეზიდენციასაც და იმ სასახლესაც, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი საქმიანობს. შესაბამისად, ვთვლი, რომ წმინდა ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ფუფუნება, 2 სასახლე შეინახოს. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მართლაც კონსტიტუციის და ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და ხელისუფლების შტოებს შორის მშვიდობის შემქმნელი, შევა სწორედ ათონელის შესანიშნავ რეზიდენციაში”, – განაცხადა წულუკიანმა.