შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, გმირთა მოედანზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დააყენა და ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტა.
უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:
“ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს სტიქიიდან 3 წელი სრულდება. ამ დღეს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამასთან, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა.