პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.