“წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთზე გამოხატვა და ა.შ”, – აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილა. მისივე თქმით, პროექტის მიზანი პრევენციული რეაგირებაა, რათა სხვადასხვა სახით ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება არ მოხდეს.
„ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. წარმოდგენილი პროექტით, დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთზე გამოხატვა და ა.შ. პროექტის მიზანია, რომ პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და პროპაგანდას ადეკვატური ქმედებებით დავუპირისპირდეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, დასჯადი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისათვის, სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე, ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით დაისჯება.
საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა დასჯადი ხდება
2019/05/01 17:24:25
კომენტარები
ნანახია: 5170 ჯერ