სენაკის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არის საშიშროება, რომ მდინარე ჭალადიდმა დამბა გაარღვიოს. “სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მდინარე ჭალადიდმა შეიძლება დამბა გაარღვიოს, რადგან მას მდინარე რიონი არ ღებულობს”,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ მერიაში. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
სენაკის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტიქიის ზონაში ადგილზე მოინახულეს სენაკის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმის შედეგად მწყობრიდან გამოსული ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დიდი ხიდი და სხვა დაზიანებული ობიექტები, ადიდებული მდინარეებისგან ჩამორეცხილი სანაპიროები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული გზები, დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
“სენაკში, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული იყო მერიის სამსახურების და ცენტრების წარმომადგენლებისგან შემდგარი მაშველთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ხვალიდან სტიქიის ზონებში ჩაერთვებიან სპეციალისტები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, რომლებიც, ადგილზე შეისწავლიან შექმნილ მდგომარეობას”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.