გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება გაცემული აქვს სამი პირის დაკავებაზე – გუკა რჩეულიშვილზე, ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე.
”სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია. ის სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ „ცენტრ პოინტის” ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული. გუკასთან ერთად ედავებიან და დაკავების განჩინება არის გაცემული ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. ეს პირები დაუკავებიათ როგორც ვიცით”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების შესახებ გაუგებარია.