აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვიდრე შერჩეულ ქუჩაზე ჩატარდება სრული აღრიცხვა და ნომრების მინიჭება, განთავსდეს სადემონსტრაციო-საინფორმაციო დაფა, როგორც ეს ქართველ გმირს შეეფერება. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.
“აგვისტოს თვე არის მძიმე თვე ჩვენი ქვეყნისთვის. წელს შესრულდა 10 წელი აგვისტოს მოვლენებიდან. მივესალმები საკრებულოს გადაწყვეტილებას, ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე მინდა ვითხოვო, რომ მოკლე ვადებში მოხდეს სადემონსტრაციო დაფის განთავსება აღნიშნულ ქუჩაზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის თავდადებული გმირები უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ მთელი წლის განმავლობაში და ყოველდღე უნდა მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თავდადებას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ამ ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე მოხდა.