2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, დავით ქარსელაძემ და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა უფროსმა, ედიშერ კობახიძემ ამხილეს.
როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და დაკავებულები არ არიან.
„დავით ქარსელაძე და ედიშერ კობახიძე იმყოფებიან საქართველოში. მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ამხელენ მაშინდელ გენპროკურორს ზურაბ ადეიშვილს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა. საქმეში ბრალდებულები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.