პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი შუალედური რგოლია.
როგორც კობა დავითაშვილმა „ინფო 9“-ს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გარეშე არ მოხდებოდა.
„შემსრულებლების მიმართ, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს შურისძიების განცდა, მაშინვე შევუნდე, როცა მკლავდნენ. ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მისცემენ ჩვენებებს დამკვეთებზე, ეს ჩემთვის საკმარისი იქნება.
რაც შეეხება დამკვეთებს, ყველამ ყველას უნდა შეუნდოს, მაგრამ შენდობისთვის ალბათ, ის ადამიანი ვინც ჩაიდინა, უნდა ნანობდეს და აღარ აპირებდეს გამეორებას.
“ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერები კი სიამოვნებით გაიმეორებდნენ და თუ რამეს ნანობენ, მხოლოდ იმას, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმეები და მეტი ხალხი არ დაასახიჩრეს, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინათ. ამ ადამიანების მიმართ შენდობა სახიფათოა საზოგადოებისთვის. მგონია, რომ ადეიშვილი შუალედური რგოლია და მთავარი დამკვეთი არის სააკაშვილი, მისი ბრძანების გარეშე, ეს არ მოხდებოდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.