ზურაბ ადეიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე არ აღიარებს – ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზეა აგებული.
„ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებული. ეს საქმე არის კიდევ ერთი მაგალითი სქართველოში პოლიტიკური დევნისა. ამ საქმეში არ არსებობს სამართლებრივად არცერთი მტკიცებულება. არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებს ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობაზე. არანაირი შემხებლობა ზურაბ ადეიშვილს კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე არ ჰქონია და არც თავისუფლების აღკვეთასთან. შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ეს არის სრულიად აბსურდული ვერსია, რასაც პროკურატურა გვთავაზობს და დღეს ბრიფინგზე საზოგადოებას განუცხადეს.
ლოგიკას არის მოკლებული ის, რომ ზურაბ ადეიშვილს დაევალებინა კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთა იმ ადამიანისთვის, რომელიც საერთოდ არ ექვემდებარებოდა მას. ვინაიდან, ქარსელაძეს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, იმ დროს ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე. შესაბამისად, ზურა ადეიშვილს არანაირი შემხებლობა მასთან არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა.