თუ ვიღაც ბოდიშს იხდის და აქვს სურვილი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, არ შეიძლება, რომ კარები დავუკეტოთ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის, მიდგომა, რომ “ნაცების” სამსახურში მიღება არ შეიძლება, არასწორია.
“როგორი რეჟიმიც გინდათ, მაგრამ არ შეიძლება უკიდურესობაში წასვლა, ნუ გვავიწყდება, რომ ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, კანონის დარღვევა სადაცაა, იქ უნდა დავუდგეთ, ბევრი დაისაჯა, არ შეიძლება, ეგრე რომ გავყვეთ. მაგ ლოგიკით, იმ პროცესებში მთელი, ნახევარი საქართველო მონაწილეობდა. მაგას კი აკეთებდნენ “ნაცები”.
მე ვაგებ მაგაზე პასუხს, არასდროს, პირველი დღიდან მოსვლისა ხელისუფლებაში, არ მითქვამს გუნდისთვის, რომ არ გაბედოთ, “ნაციონალები” არ მიიღოთ ხელისუფლებაში, ეს არ შეიძლება. ჩვენ ეს ზღვარი უნდა დავტოვოთ მუდმივად და არ უნდა გავხლიჩოთ საზოგადოება. თუ ვიღაც ბოდიშს იხდის, თუ ვიღაცას პირდაპირ კანონის დარღვევაში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, თუ მას სურვილი აქვს, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, არ შეიძლება, რომ კარები დავუკეტოთ, ეს არის ჩემი პოზიცია და ასე უნდა იყოს, სხვანაირად ჩვენ ვერ გავაერთიანებთ ქვეყანას, სხვანაირად ჩვენ მივიღებთ უარესს. “ნაციონალური მოძრაობა” კანონიერი გზით ვეღარ მოვა ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობა” კანონიერი გზით ვეღარ მოვა ხელისუფლებაში”
2018/10/26 15:28:56
კომენტარები
ნანახია: 721 ჯერ