სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ქეთევან ციხელაშვილმა მხარდაჭერა იმ მოქალაქეების მიმართ გამოხატა, რომლებიც გამყოფი ხაზების მიღმა არიან დარჩენილი. სახელმწიფო მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევს საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების უგულებელყოფას.
“დღეს მე განსაკუთრებით მინდა მივესალმო და გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში ახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლას და ხმის მიცემას. მინდა ვუსურვო მათ და თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს სახელმწიფოს, რომ ძალიან მალე მსგავსი პრობლემები არ ყოფილიყოს და მშვიდობიანი გზებით დავძლიოთ ის ხელოვნური ბარიკადები, რომლებიც დღეს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ბევრ ფუნდამეტურ უფლებას ართმევს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.