ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, – აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
“შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისათვის. მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ – ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.