საპარლამენტო უმცირესობის წევრი სალომე სამადაშვილი პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
ის უსამართლოდ მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საგარეო უწყებიდან ყველა ის თანამშრომელი დაითხოვეს, რომლებსაც განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (მგიმო) ჰქონდათ მიღებული.
„პოლონეთის მთავრობის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ზოგადად, ასეთი მიდგომით მოვექცეთ ჩვენ ადამიანებს“, –აცხადებს საუბრისას სალომე სამადაშვილი.
დეპუტატს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აბსურდად მიაჩნია და ის ფაქტი, რომ მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (მგიმო) აქვს მიღებული, უხერხულობას არ უქმნის.
ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პოლონეთის მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლონელმა ამომრჩეველმა შესაბამისად უპასუხა:
„პოლონეთში სამწუხაროდ, პარტიამ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არჩევნებში აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შეთავაზებული კურსი საზოგადოებისთვის, რომელიც პოლარიზებას ითვალისწინებს, არ იყო კარგი და პასუხი ამ გადაწყვეტილების შესახებ, პოლონელი ამომრჩევლისთვის არ იყო მისაღები. პოლონეთის მთავრობის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ზოგადად, მსგავსი, ასეთი მიდგომით მოვექცეთ ჩვენ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია. საბჭოთა კავშირში ეს სასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო და შესაბამისად მაშინ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ცდილობდა განათლების მიღებას. მე არ მიმაჩნია, რომ თავისთავად ის, რომ ადამიანს აქვს განათლება მიღებული ამ სასწავლებელში, რაიმეს მაჩვენებელია.
ქალბატონ ზურაბიშვილს განათლება თუ აქვს მიღებული პარიზში, მისი განცხადებები სრულიად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ინტერსებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.