საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კახიანი გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას პოლიტიკური ლუსტრაციის გაგრძელებად აფასებს.
„მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნების შედეგებმა ერთი რამ დაგვანახა, ფაქტობრივად, დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი, როცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იმ პოლიტიკური ჯგუფების თავმოყრა, რომლებზეც ვამბობდით, რომ ისინი რეალურად არც არსად წასულან. ესეთი იყო, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, რომლებზეც ვამბობდით, რომ დაშლა მოჩვენებითი ხასიათის იყო. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, დაბრუნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში. ახლა გამოჩნდა ბატონი ოქრუაშვილი, ხვალ შეიძლება სხვა ვინმე გამოჩნდეს. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი აჩენენ თავის სახეს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ კი ამასობაში საქმეს ვაკეთებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საზოგადოების ინტერესში არის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.