პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს, მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსები საქმეა და ეს უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, მიუხედავად წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე.
„მიუხედავად წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები პირველ რიგში სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ეს უნდა შევძლოთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილის თქმით, უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები.
„2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალი მედია, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა, ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონალური ლიდერობა და მრავალი სხვა.
საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრირებას.
უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.