საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ იმ გზით ვერ წავიდოდა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე ინფორმაცია მიიღო, მათმა სოლიდურმა ნაწილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 27 დეპუტატით მანდატი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მიუღებელი ძალით არიან წარმოდგენილნი, ვისთანაც შესაძლებელია, საჭიროა, კონსტრუქციული მუშაობა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებში წმენდა პოლიტიკური ნიშნით მომხდარიყო. ეს დაუშვებელია და ამაზე არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა იფიქროს.
ვინც შემჩნეულია უკანონო ქმედებებში, მათ მიმართ გარკვეული სანქციები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მთლიანი წმენდა მომხდარიყო, სადაც 40 ათასი პოლიციელი მუშაობს? ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათგან ბევრი ადამიანი გასამართლებულია, მაგრამ ბევრ საქმეზე, სადაც საჭირო უფრო მაღალ ეშალონებზე გასვლაა იმის დასადგენად, ვინ არის ბრძანების გამცემი, შუა რგოლი გამოძიებასთან ან არ თანამშრომლობს, ან ქვეყნიდან არის გაქცეული. იმ გზით არ წავედით, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა. სააკაშვილი კორუფციაში ეჭვმიტანილ ადამიანებს იჭერდა და ისე რომ საზოგადოებას პასუხი არ ჰქონდა, მათ რა დააშავეს, ფულს ართმევდნენ და სახლში უშვებდნენ. ეს წარმოუდგენელი იყო. თუ რომელიმე ლიდერის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები იყო, გეთანხმებით, ეს საქმეები ბოლომდე მიყვანილი უნდა ყოფილიყო და მართლმსაჯულება აღსრულებული.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ რთული მიმართულება წართმეული ქონების საკითხია. “ამ თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სურათია, რადგან ე.წ. წართმეული ქონების დიდი ნაწილი მეორედ და მესამედ არის გადაყიდული, რომელსაც ე.წ. კეთილსინდისიერი შემსყიდველი ჰყავს და სწორია, რომ სახელმწიფო მათთან პირდაპირ არ მიდის და ქონებას არ ართმევს, რასაც ჩვენი წინამორბედი აკეთებდა. ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც პროკურატურა კადრის სიმცირისა და სადღაც პროფესიონალიზმის გამოც ბოლომდე თავს ვერ ართმევს. კვალიფიკაცია საქართველოს დიდი პრობლემაა. დაწყებული მუშახელით, დამთავრებული მაღალი რანგის ადამიანებით”, – დასძინა ხუციშვილმა.