რამდენიმე დღის წინ სოფელ ფონიჭალაში 26 წლის კაცმა 20 წლის მეუღლეს ყელი მცირეწლოვანი ძმის თვალწინ გამოსჭრა.
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი და ქმარს მეუღლისთვის თავის მოჭრა უნდოდა.
გამოცემასთან საუბრისას გარდაცვლილის ბებია ყვება, რომ 20 წლის კიუნაი ისაევას ქმრის ოჯახში პრობლემები გათხოვების დღიდან ჰქონდა. მეუღლის ბებია მათ სახლიდან გაგდებითაც ემუქრებოდა.
„სულ ეჩხუბებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ემუშავა. ბებია ცუდად ექცეოდა, სულ სცემდა, ჩემი შვილიშვილი ეუბნებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა და ვერ იმუშავებდა. ბებია ქმარსაც ეჩხუბებოდა, შემდეგ ის ქმარი კიუნაის სცემდა, წიხლებს ურტყამდა. იჩხუბებდნენ, მოვიდოდა ჩემთან ცოტა ხნით და მერე ისევ შეურიგდებოდა“,– ყვება გარდაცვლილის ბებია.
როგორც სტატიაში წერია, ნათესავებმა და მშობლებმა იცოდნენ, რომ ქმარი და ოჯახის წევრები გოგონას სცემდნენ, და მასზე ძალადობდნენ, თუმცა ოჯახის საქმეში არ ერეოდნენ.
მოკლულის დეიდაშვილი იხსენებს, რომ ხშირად უნახავთ კიუნაი დალურჯებებით, ბეჭებგახეხილი. მისი თქმით, გარდაცვლილის მეუღლე ძალიან ეჭვიანი იყო. გოგონას ნათესავებთან მიკარების უფლებას არ აძლევდა და აიძულებდა, სახლში მჯდარიყო. როგორც იგი ამბობს, ხშირად ახლობლების თვალწინ მუცელში წიხლსაც ურტყამდა ხოლმე.
მოკლულის ნათესავებმა სტატიის ავტორს საინტერესო დეტალი გაუმხილეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებულს აქვს ცნობა, სადაც წერია, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. გარდაცვლილის ბებია კი ამტკიცებს, რომ მან ეს ცნობა უბრალოდ გააკეთა, რომ დახმარება აეღო. ბებია იხსენებს, რომ ქმარმა ახალგაზრდა ცოლს ყელზე ქამარი მოუჭირა და ახრჩობდა.
როგორც გამოცემას მოკლულის ნათესავებმა განუცხადეს, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი ნაჩხუბარი იყო. ქმრის ბებიამ რძალი ტაფით სცემა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კიუნაიმ ქმარი მიატოვა და მცირეწლოვან შვილთან ერთად მშობლების სახლში წავიდა.
მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრალდებული მეუღლესთან მივიდა, იკამათეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა. ბრალდებულმა ცოლი და ბებია სცემა, შვილები კი თან წაიყვანა…
„მოვიდა და ფულს სთხოვდა. კიუნაიმ უთხრა, რომ მასთან აღარ შეეძლო და გაშორებას აპირებდა. ქმარმა კი უთხრა, ან მიწაში იქნები, ან ჩემი ცოლიო“,- იხსენებს გარდაცვლილის ბებია.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ ბებიამ საპატრულო პოლიციაში დარეკა.სამართალდამცველებმა ბრალდებულს ხელწერილი დააწერინეს და მის საფუძველზე გაათავისუფლეს. ერთ საათში კი კიუნაისთან სახლში შეიპარა და მცირეწლოვანი ძმის თვალწინ ყელი გამოსჭრა.
„პრაიმტაიმი“