გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სურმანიძის ოჯახს ბოდიშს იმის გამო უხდის, რომ მისი შვილისა და მეგობრების სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო პოლიციამ.
“კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი რაც თქვენი შვილის დაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში. სამწუხაროდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი შვილისა და მისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა. ამიტომ მე ჩემი მხრიდან გიხდით ბოდიშს. მე არ მინდა თქვენ ნაადრევი დასკვნები გააკეთოთ. ისიც კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული ზრუნვა იგრძენით თქვენი საქმის მიმართ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ზრუნვა არ არის გამოწვეული თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ან იმის გამო, რომ ვიღაცას სამართლიანობის აღდგენა უნდა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა , ძალიან გთხოვთ. მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. გთხოვთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამ სასამართლო პროცესებს”, – განაცხადა დგებუაძემ.