ახალარჩეულ პრეზიდენტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 7-დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენა მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი ვალდებული იქნება, კანდიდატები არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შეარჩიოს და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად სულ მცირე სამი კანდიდატურა წარადგინოს.
თამარ ჟვანიას, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ეწურება.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, როცა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა არჩევნების ჩატარების პერიოდს ემთხვევა, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა წარადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხმა დეკემბრამდე გადაიწია – ცესკოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შესაჯამებლად და შემაჯამებელი ოქმის საკუთარ ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.
ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ერთ კვირაში ცესკოს ასარჩევად თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები წარუდგინოს. ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის არჩევას ვერ შესძლებს, გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.