„ის, რაც გუშინ ამერიკაში მოხდა, არ არის შემთხვევითი, არც ვინმეს პირადი განზრახვა. ეს იყო რეჟიმის – ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც არ ეპუება მარცხს და ცდილობს დაიბრუნოს მართვის სადავეები,“ – აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლ კირკის მკვლელობას ეხმიანება.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპს დიდი ძალის და კაპიტალის მქონე ლიბერალების წინააღმდეგ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა გახდება მეორე ბასტილია.
ექსპერტის განცხადებითვე, აგრესიულ ლიბერალებს საქართველოშიც სურთ სისხლისღვრა.
„ის, რაც გუშინ ამერიკაში მოხდა, არ არის შემთხვევითი, არც ვინმეს პირადი განზრახვა. ეს იყო რეჟიმის – ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც არ ეპუება მარცხს და ცდილობს დაიბრუნოს მართვის სადავეები. იდეოლოგიათა ჯახი დასავლეთში ჩარლი კირკის მკვლელობით არ დასრულდება. ვოუქიზმი ჯერ კიდევ მძლავრობს ამერიკაში და ყვავის ევროპაში. აგრესიულ ლიბერალებს იგივე სისხლისღვრა სურთ საქართველოშიც.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ვერ ერევა დიდი ძალის და კაპიტალის მქონე ლიბერალებს და მოუწევს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა გახდება მეორე ბასტილია. თუმცა, დღეს იმდენად მომძლავრებულია კონსერვატიზმი და იმდენად ჯერ კიდევ ძლიერია ლიბერალიზმი, რომ მათ შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების ერთობა და ძლევამოსილება შეიწიროს.
ზოგადად, ახალ მსოფლიო წესრიგს ყოველთვის მოჰყვება ძალადობრივი დაპირისპირებები. იცვლება პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი შეხედულებები. თუკი გავითვალისწინებთ ლიბერალური დასავლეთის გავლენებს საქართველოში ბოლო 22 წლის განმავლობაში, ადვილი მისახვედრია, თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. მათი დიდი ფულით ჩაბეტონებული ლიბერალიზმი ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იმედი მაქვს, ამ საფრთხეს გრძნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი და შესაბამისად იმოქმედებს.
ამერიკულ ვოუქიზმს, ანუ აგრესიულ ლიბერალიზმს, რომელიც ანადგურებს ევროპას, ვხედავთ საქართველოშიც. ყოველდღიურად ვუყურებთ ვოუქისტების პროვოკაციულ ქმედებებს მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე. ისინი სისხლისღვრისკენ მიდიან, რომელსაც “მშვიდობიანი რევოლუციით” ფუთავენ. ერთადერთი, ვისაც ამის თავიდან აცილება შეუძლია, არის საზოგადოება. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ მარტო ხელისუფლება ამ ხისტ გლობალურ პროცესებს ვერ მოერევა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ლიბერალური ფაშიზმის სისასტიკე, რომელიც არავისგან არ არის შორს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.