მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის თქმით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ კორპუსის ტერიტორიაზე ნაპოვნი იარაღი სულაც არ ნიშნავს, რომ ის მის შვილს ეკუთვნის. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“მინდიაზე ზეწოლა სულ იყო, წარამარა გადმოჰყავდათ მანქანიდან და ჩხრეკდნენ. რამდენიმეჯერ მის მეგობრებს ჩაუდეს წამალი, მაგრამ ისინი გამართლდნენ, დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებდნენ. ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა დევიზით: “არა ჩადებას”. ასეთ პირებს აკვირდებიან და ისინი პოლიციისთვის არასასურველი ადამიანები ხდებიან”, – აცხადებს გოგოჭური.
მამის თქმით, მის შვილთან ერთად დაკავებული ბიჭი ორი თვის წინ გაიცნო, ის რომ იძებნებოდა კი ახლა გაიგო. მამუკა გოგოჭური ასევე უარყოფს ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.
„არ ვამბობ, რომ მინდია “ბულკია”. პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს. არ მახსოვს, მე ან მეგობრები მოეტყუებინოს. მერე პლანისთვის დააკავეს. ვანში მეზობლის ეზოში გადადიოდნენ პლანზე და მაშინ დაიჭირეს, 7-დან 14 წლამდე ემუქრებოდა, მანამდე 2.000 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ვანში რომ დაიჭირეს, ერთი თვე იჯდა ციხეში, სხვა დროს ციხეში არასოდეს მჯდარა“, – აცხადებს მამუკა გოგოჭური.