გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტებში დღეს ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია, სადაც 6 პოლიციელი გამოკვლევებზეა გადაყვანილი.
9 დაშავებული პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, გამოკვლევების შემდეგ კი ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, პოლიციელებზე თავდასხმის ყველა ფაქტი შეფასდება და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
დღეს გურჯაანსა და თელავში ნაციონალების მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რათა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაეპროტესტებინათ. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი თქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.