ხმაური იყო სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.
„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.