თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.
მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის შესყიდვის შესახებ პირველი დოკუმენტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC-ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.
საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო.
ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია.
იმედინიუსი